საქართველოს მეაბრეშუმეობის მოკლე ისტორიული და ეკონომიკური მიმოხილვა. მეაბრეშუმეობის გავრცელება საქართველოში, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მე–5 საუკ. დამლევიდან იწყება. პროფ. ვ.პ. ივანოვი აღნიშნავს, რომ მეფე ვახტანგ გოგრგასალს, რომელიც თავისი ჯარით გამარჯვებული დაბრუნდა ინდოეთიდან საქართველოში, ჩამოუტანია აბრეშუმის გრენა და გაუვრცელებია.
ვახტანგ გორგასალს ინდოეთიდან საქართველოში გრენა მართლაც ჩამოუტანია, მაგრამ ჩვემში მისი გავრცელების დასაწყისად ამ ფაქტის მოტანა არ იქნება გამართლებული, რადგან ქართველებს თუ არ ეცოდინებოდათ გრენის გამოცოცხლებისა და ჭიის კვების ტექნიკა, თუთის ხისა და აბრეშუმის ჭიის მავნებლებისა და მათი დაავადებების წინააღნდეგ ბრძოლის მეთოდები, პარკის პირველადი დამუშვებისა და გადამუშვების ტექნოლოგია, გრენის დამზადების წესები და სხვ., ჩამოტანილი გრენის გამოყენება და მისი ფართოდ გავრცელება საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა.
უფრო სწორია იმის აღიარება, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობა გავრცელებული იყო ინდოეთიდან გრენის შემოტანამდე და ქართველებმა იცოდნენ ყველა ის აგრო–ზოოტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესი, რაც დაკავშირებულია ამ დარგთან. ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ქართველებს აბრეშუმის ნაწარმზე მანამდე ჰქონდათ საკუთარი ტერმინები: მაგალითად „ბჟოლა“ (თუთა), „ძაფი“ „ჩიგორგალი“ (ხამი ძაფი), „დარაია“, „სტავრა“ (აბრეშუმის ქსოვილები), „ჭიჭნაური“ (აბრეშუმი), „ყაჭი“ (აბრეშუმის ჭია) და სხვ. მაშასადამე, მეაბრეშუმეობა საქართველოში უეჭველად უნდა ყოფილიყო გავრცელებული მეხუთე საუკუნემდე.
ტერმინი „აბრეშუმი“, რომ სპარსული წარმოშობისაა, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, რადგან აბრეშუმს სპარსულად ჰქვია „აბრეშუმი“. როგორც დასტურდება სიტყვა „აბრეშუმი“ საქართველოში მკვიდრდება მე – 6 საუკუნიდან. მანამდე ქართველი ხალხი ხმარობდა მის გამომხატველად სიტყვა „ჭიჭნაურს“, რომლის ქართველურ წარმოშობაში ეჭვის შეტანა ძნელია.
ისმის კითხვა: რატომ შეიცვალა მეხუთე საუკუნის შემდეგ სიტყვა „ჭიჭნაური“ სპარსული სიტყვით–„აბრეშუმი“. ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს ჩვენამდე არ მოუღწევია. ჩვენი აზრით, საქართველოში მე–5 საუკუნემდე, ე.ი. ინდოეთიდან გრენის შემოტანამდე გავრცელებული იყო გაცილებით დაბალი ხარისხის პარკის მომცემი აბრეშუმის ჭია, ვიდრე ვახტანგ გორგასალის მიერ ინდოეთიდან შემოტანილი. ადვილი შესაძლებელია, რომ იმდროინდელი პარკი იყო ძლიერ თავწაწვეტებული და ამ პარკიდან მისი ჩეჩვა–პენტვით და დართვით ღებულობდნენ აბრეშუმის ნართს ისეთივე ტექნოლოგიური პროცესით, როგორც ინდოეთში. ამიტომ ჭიჭნაურიდან მიღებული ნართი და ქსოვილი იყო უფრო დაბალი ხარისხის ვიდრე პარკიდან მისი დარღვევის შედეგად მიღებული ხამი ძაფი. ალბათ ამის გამო ვახტანგ გორგასალი იძულებული იყო შემოეტანა ინდოეთიდან აბრეშუმის ისეთი ჯიშის გრენა, რომელიც იძლეოდა შედარებით უკეთესი ფორმის პარკებს (უნდა ვიგულისხმოთ, წელიანი ფორმის პარკი), რომლისგანაც ძაფის ამოხვევის ტექნოლოგიური პროცესით შესაძლებელია ხამი ძაფის მიღება და მსუბუქი და ლამაზი ქსოვილების დამზადება. მაგრამ ისმის კითხვა რატომ ინდოეთიდან შემოიტანა ვახტანგ გორგასალმა ასეთი ფორმის პარკის მომცემი ჯიში და არა სპარსეთიდან, რომელთანაც იმ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა მიზეზების გამო მეტი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე ინდოეთიდან. ეს შეიძლება ორი მიზეზით აიხსნას: პირველი, ინდოეთიდან გრენა მან წამოიღო, როგორც ნადავლი, ე.ი. უსასყიდლოდ (ვახტანგ გორგასალი მაშინ თავისი ჯარით ახლდა სპარსეთის შაჰს ინდოეთთან საბრძოლველად, როგორც სპარსეთის ვასალი). სპარსეთიდან, რომ შემოეტანა გრენა, ის უნდა ეყიდა. მაშინ კი აბრეშუმი და გრენა ძლიერ ძვირად ფასობდა. მეორე–ინდოეთში, როგორც მუკეჯი აღნიშნავს, ძველად გავრცელებული ყოფილა ყვითელი ფერის პარკის მომცემი ჯიშები, სპარსეთში კი თეთრი ფერისა. გარეგნული შეხედულებით ყვითელი ფერის პარკი უფრო მიმზიდველია. იმ პერიოდისათვის ასეთი პარკი საერთოდ უფრო იშვიათი იყო, ამიტომ მას მეტი მოწონება ჰქონდა. . ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს და შემდეგაც საქართველოს აბრეშუმის პარკი და მისი ნაწარმი გასაყიდად გაჰქონდათ სპარსეთის ბაზარზე, სადაც იმ დროს ბევრი ქვეყნიდან თავს იყრიდა აბრეშუმის ნაწარმი და ბუნებრივია, უფრო ძვირად და ადვილად გაიყიდებოდა ის ნაწარმი, რომლის ფერი და ხარისხი უკეთესი აღმოჩნდებოდა. ჭიჭნაური დაბალი ხარისხის ნაწარმს იძლეოდა და მისი გასაღება ხდებოდა შედარებით უფრო ძნელად და იაფად. ამიტომ სავსებით გასაგებია, თუ რატომ გადაწყვიტა ვახტანგ გორგასალმა საქართველოში გაევრცელებინა აბრეშუმის ისეთი ახალი ჯიში, რომლის ნაწარმი ადვილად გასაღდებოდა მაშინდელ სახელგანთქმულ ბაზრებზე. აქედან გამომდინარე. მე–6 საუკუნის დასაწყისიდან სპარსეთის ბაზარზე საქართველოს უნდა შეეტანა ორი სახის აბრეშუმის ნაწარმი: ძველი ქართული ჭიჭნაური და ახალი ინდოეთიდან ჩამოტანილი გრენიდან მიღებული, რომელიც დამუშვების ტექნოლოგიით, ნაწარმის გარეგნული სახით და თვისებებით ჰგავდა ან სჯობდა სპარსეთის აბრეშუმს. უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რომ უცხოეთის და შინაური ბაზარზე ახალი ჯიშის პარკმა და მისმა ნაწარმმა მოწონება დაიმსახურა და უკეთესად გასაღდა, რის გამო ძველ ქართულ ჭიჭნაურზე მოთხოვნილება შემცირდა და ცხოვრებიდან თანდათან გაიდევნა. ამიტომ ძველი ტერმინიც–„ჭიჭნაური“ თანდათან ამოვარდა ხმარებიდან და მისი ადგილი დაიკავა ახალმა ტერმინმა დასავლეთ საქართველოში „აბრეშუმი“–ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში „აბრეშუმი“–ს სახელწოდებით.
სპარსული ტერმინით („აბრეშუმი“)ქართული ტერმინის („ჭიჭნაური“) შეცვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეაბრეშუმეობა ჩვენში შემოვიდა სპარსეთიდან, როგორც ამას ზოგი ფიქრობს. მეაბრეშუმეობა, როგორც სოფლის მეურნეობის დარგი, ჩვენში გაცილებით ადრინდელია, ვიდრე სპარსეთში.
აბრეშუმხვევიას ძველი ქართული ჯიშების კოლექცია შენახულია ა(ა)იპ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და მათ განახლება წარმოებს ყოველწლიურად სპეციალური გამოკვებით. ძნელია იმის მტკიცება, რომ აბრეშუმხვევიას ეს ჯიშები იგივეა, რაც საქართველოში იყო მე–6 საკუნემდე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ზემოხსენებული ჯიშები ძველი ქართულია და თუ ზუსტად არ წარმოადგენენ ჩვენში მე–6 საუკუნემდე არსებულ აბრეშუმხვევიას ჯიშებს, მათთან დიდი სიახლოვე უნდა ჰქონდეთ და მაშინდელი პარკის ფორმების გამომსახველნი უნდა იყვნენ. ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო–პოლო, რომელმაც მე–12 საუკ. შემოიარა აღმოსავლეთის უმრავლესი ქვეყანა და ჩვენშიც იყო, აღნიშნა, რომ საქართველოში მეაბრეშუმეობა და აბრეშუმის ქსოვა ძლიერ არის განვითარებული, რომ ქართველები აბრეშუმის ქსოვილის დამზადებისას , აბრეშუმის ძაფებში ხმარობენ ოქროს ძაფებს და ღებულობენ აბრეშუმის ისეთ ლამაზ ქსოვილებს, რომლის მსგავსი მას არ უნახავს არსად.
მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის წარმოების განვითარებაზე საქართველოში მიგვითითებს აგრეთვე შილტბერგერიც (მე–15 საუკ.).
მეაბრეშუმეობა საქართველოში მე–16 საუკ. ძლიერ რომ ყოფილა განვითარებული, ამაზე მიგვითითებს „არჩილიანიც“.
არქანჯელო ლამბერტი (მე–17 საუკ.) აღნიშნავს, რომ ოსმალებს მათ მიერ შემოტანილი საქონლის ფასაის საკომპენსაციოდ სამეგრელოდან გააქვთ აბრეშუმიო.
მე–18 საუკუნეში პარკის მოსავალი საქართველოში ძლიერ დიდი, რომ ყოფილა, ამას ადასტურებს პროფ. ნ.იაშვილისა და გ.ბახტაძის მონაცემებიც, რომელთა მიხედვით 1860 წელს პარკის მოსავალი საქართველოში უდრიდა 400.000 ფუთს ანუ 6 400 ტონას (ნედლი წონით).
გერმანელი მოგზაური რეინეგსი (მე–18 საუკ.) აღნიშნავს, რომ იმერეთში აბრეშუმისაგან ქსოვენ სხვადასხვა მსუბუქ ქსოვილს, თავსაფრებს, ფარჩებს და ფოჩებიან ქამრებს.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა გიულდენშტეტმა (მე–18 საუკ.), რომელმაც აკადემიის დავალებით შემოიარა აღმოსავლეთი საქართველო, აღნიშნავს, რომ მეაბრეშუმეობას კახეთში ეწევა ყველა გლეხის ოჯახი და თითოეულ ოჯახში მოყავთ 2–4 ფუთი აბრეშუმის პარკი.
საქართველოში 1848 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით გამოირკვა, რომ ჩვენში აბრეშუმის გადამუშავებას (ძფის მიღებას და ქსოვას) აწარმოებდა 210.000 ოჯახი. ამ პერიოდისათვის ჩვენში სხვა ბოჭკოვან მასალაზე მეტად მუშვდებოდა და იყიდებოდა აბრეშუმის ბოჭკო.
მაშასადამე, მეაბრეშუმეობა საქართველოში მე–19 საუკ. 60–იან წლებში ძლიერ ყოფილა განვითარებული და მევენახეობასთან ერთად იმ პერიოდში ის წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მძლავრ ეკონომიურ ბერკეტს. ამას სხვათა შორის ისიც ადასტურებს, რომ საქართველოში შემოსული მტრები ჩვენი ქვეყნის ეკონომიურად დასუსტების მიზნით ვენახთან ერთად ჩეხავდნენ და ანადგურებდნენ თუთის ხეებსაც–მეაბრეშუმეობის საკვებ ბაზას.
1864 წელს საქართველოში თავი იჩინა აბრეშუმის ჭიის „პებრინით“ დაავადებამ, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა მეაბრეშუმეობას. ეს გამოიწვია საფრანგეთიდან ჩამოტანილმა გრენამ, რომელიც იყო დაავადებული „პებრინით. საუბედუროდ ეს დაავადება არის მემკვიდრული და ამან გამოიწვია დაავადევის გავრცელება მთელ საქართველოში.
პირველად პებრინა ქუთაისის გუბერნიაში გაჩნდა 1862 წელს, ორი წლის შემდეგ ეს დაავადება გადავიდა იმერეთის სხვა რაიონებში, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
პებრინამ გაანადგურა მეაბრეშუმეობა საქართველოში. მით გამოწვეულმა ზარალმა თავზარი დასცა ქართველ გლეხობას და ისედაც მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი, პებრინის გაჩენამ კიდევ მეტად გააუარესა მათი ეკონომიკა. ეს დრო საქართველოში მეაბრეშუმეობის დაცემის პერიოდია, რომელიც შეცვალა აღდგენითმა პერიოდმა.
მაია ხუციშვილი – აგრარულ მეცნიერებათა
აკადემიური დოქტორი