ზოგადი აღწერილობა. ქერი მარცვლოვანთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი მოკლე ვეგეტაციის მცენარეა, მისი გეოგრაფიული გავრცელების არეალი მეტად ფართოა. საქართველოში ქერის კულტურა ადის 2000-23000 მეტრამდე ზღვის დონიდან. ქერის ფესვთა სისტემა ფუნჯანაირია, ღეროს სიგრძე აღწევს 60-დან 120 სმ-მდე. ფოთლები ნორჩ ასაკში ნათელი მწვანე ფერისაა, შემდეგ პერიოდში ხშირად ჩნდება მასზე ცვილისებრი ნაფიფქი. ფოთლის ღარისა და ფირფიტის საზღვარზე ძლიერ განვითარებულია კაუჭები. ქერის თავთავის სტრუქტურის თავისებურება იმაშია რომ თავთავის ღერაკის ამონაკვეთზე ზის სამი თავთუნი, თავთუნში თითო ყვავილია. ყვავილის ორივე კილი უმეტეს შემთხვევაში მჭიდროდ შეზრდილია მარცვალთან და გალეწვისას არ სცილდება მას. ზოგიერთ ფორმებში ყვავილის კილები არ არის შეზრდილი მარცვალთან და მაშინ საქმე გვაქვს შიშველმარცვლიან ქერთან. ყვავილის ქვედა კილზე განვითარებულია საკმაოდ გრძელი ფხა, რომელიც მთელ სიგრძეზე დაკბილულია. დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ქერი გრძელი დღის მცენარეა ხანგრძლივი განათების პირობებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყვავილობა და მარცვლის დასრულება, ქერის აღმოცენება იწყებს 3-4°С სითბოს პირობებში, სითბოს მატებასთან ერთად ნახშირორჟანგის შეთვისებაც იზრდება. ქერის აღმოცენება და ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 12-15°С სითბოს პირობებში, ქერის აღმოცენებისა და ბარტყობის ენერგიაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ნიადაგის ტენი, ბარტყობაზე თავისებურ გავლენას ახდენს აგრეთვე თესლის ხარისხი. წვრილი თესლი სუსტ ნაბარტყებს იძლევა. მცენარის ზრდა-განვითარება დიდად არის დამოკიდებული ფესვთა სისტემის სიძლიერეზე, სითბოსა და სინათლის ნაკლებობა, ნიადაგში ტენის უკმარისობა ფესვთა სისტემის განვითარებას ძლიერ აბრკოლებს, ნიადაგის ფხვიერი სტრუქტურით მდგომარეობა, საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა და ნორმალური ტენი აძლიერებს მცენარის ფესვების განვითარებას. ნათელი და მზიანი ამინდების დროს, 18-20°С პირობებში, მცენარე აჩქარებს თავთავის ამოტანას, ღრუბლიანი ამინდი ანელებს ამ პროცესს. დათავთავებზე თავისებურ გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერება და სასუქები. აზოტიანი სასუქები და ნაკელი აჩქარებს აღმოცენებას. აგრძელებს პერიოდს აღერებიდან დათავთავებამდე, ხოლო ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები რამდენიმე დღით ამოკლებენ. ყვავილობა ხელსაყრელ გარემო პირობებში ერთი კვირის განმავლობაში მთავრდება, ხოლო თბილ და მშრალ ამინდში ეს პერიოდი 2-3 დღით მცირდება. როგორც ყვავილობა, ისე დამტვერიანება და განაყოფიერება ნორმალურად მიმდინარეობს 12-20°С სითბოს პირობებში. დაბალ ტემპერატურაზე გაჭიანურებულია ყვავილობა. ამის გამო მარცვალი გამოდის ბჟირი და მოსავალი მკვეთრად ეცემა. მარცვლის ჩამოყალიბება-დასრულება-მომწიფება გრძელდება საშუალოდ 30 დღე და დამოკიდებულია, როგორც ჯიშზე, ისე ამინდის პირობებზე. მშრალ ამინდში მარცვლის მომწიფება 20-25 დღემდე მცირდება, ხოლო წვიმიანსა და გრილი ამინდის დროს შეიძლება 40 დღემდე გაგრძელდეს.
ქიმიური შემადგენლობა. ქერი მოჰყავთ როგორც სასურსათო და საფურაჟე კულტურა, ფართო გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში. მისი მარცვლისგან ამზადებენ ბურღულს, მისი მარცვალი მცირე რაოდენობით შეიცავს ცილას, ამის გამო მას ფართო მოხმარება აქვს ლუდის წარმოებაში. უფრო ფართო მოხმარება აქვს ქერს პირუტყვის საკვებად. ფართოდ გამოიყენება ცხენების საკვებად, ღორების გასასუქებლად. ქერის ნამჯა კარგი უხეში საკვებია პირუტყვისათვის. ამ მხრივ ეს აღემატება ხორბლისა და ჭვავის ნამჯას. ქერის მარცვლის ქიმიური შედგენილობა აბსოლუტურად მშრალ ნივთიერებაზე ანგარიშით შემდეგია: ცილა – 12,0-14,0%, უჯრედანა – 4,7-4,79%, ცხიმი – 2,28-2,50%, ნაცარი – 2,52-2,37%, ხოლო სახამებელი კი 52,20-54,60%-ს შეადგენს. მინერალური სასუქების ყველა ფორმის გამოყენების შედეგად მეცნიერულად დამტკიცებულია რომ მარცვალში იზრდება ცილის, ცხიმის რაოდენობა და მცირდება ნაცრის, სახამებლის შემცველობა, უჯრედიანას შემცველობა ფაქტიურად უცვლელი რჩება.
ქერის გავრცელებული ჯიშები
ძველთესლი
ეკუთვნის სახესხვაობა პალიდუმს, ექვსმწკრივიანია, თავთავი მოჩალისფრო ყვითელი, მარცვალი დაკბილული, ოვალური ფორმის. 1000 მარცვლის მასა 40-45 გრ. ზამთარგამძლეა, არ წვება, ახასიათებს ძლიერი პროდუქტიული ბარტყობა. ძველი ქართული ჯიშია.
ახალთესლი (ჯავახეთის)
მიეკუთვნება სახესხვაობა ნუტანს, თავთავი ორმწკრივიანია, ჩალისფერ-ყვითელი. მთიანი ზონის ფორმაა. ადრეულია. გამძლეა გაზაფხულის წაყინვებისადმი. დაბალმოზარდია და არ წვება. 1000 მარცვლის მასა 45 გრ. ძველი ჯიშია. პერსპექტიულია მთიანი ზონისათვის.
კოლხიკუმი 10-30
გამორჩეულია რაჭის ქერებიდან, თავთავი ორმწკრივიანია, ღია ყვითელი ფერის, ფხიანია, მარცვალი ელიფსური ფორმისაა, საშუალო ზომის. 1000 მარცვლის მასა 25-33 გრ. საგაზაფხულო ფორმაა, კარგად ბარტყობს, ღერო საშუალო სიმაღლისაა, გამძლეა დაავადებებისადმი, რეკომენდირებულია საქართველოს ურწყავი ზონებისათვის
ნუტანსი 032-28
მიღებულია გამორჩევის მეთოდით. თავთავი ორმწკრივიანია, ღია ყვითელი ფერის, ეკუთვნის სახესხვაობა ნუტანს. ხასიათდება მაღალი და მტკიცე ღეროთი. 1000 მარცვლის მასა 44 გრ. რეკომენდირებულია საქართველოს ყველა რეგიონისათვის.
ქერის მოვლა-მოყვანის აგროწესები
ადგილი თესლბრუნვაში. ქერის მოსავლიანობის გაზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების მრავალ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია კულტურათა სწორ მორიგეობას და საუკეთესო წინამორბედების შერჩევას. აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე ქერის შემოდგომით დასათესად სასურველი წინამორბედებია: სამარცვლე სიმინდი (მოკლე ვეგეტაციის), სასილოსე სიმინდი, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები, მრავალწლოვანი ბალახების კორდი, სანაწვერალო კულტურები, სამარცვლე-პარკოსანი კულტურები (ლობიო, სოია, მუხუდო), მოთესილი ანეული. საგაზაფხულო ქერისათვის საუკეთესი წინამორბედია სამარცვლე პარკოსანი კულტურები. ქერის იმავე ნაკვეთზე თესვა იწვევს ფესვის სიდამპლის განვითარებას და ამიტომ არ უნდა დავუშვათ განმეორებითი თესვა.
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა. ქერი მომთხოვნია ფხვიერი, სტრუქტურიანი, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგის, ქერი კარგ მოსავალს იძლევა შავმიწა, ალუვიურ და ყომრალ ნიადაგებზე. ქერი ცუდად იტანს როგორც მჟავე ისე დამლაშებულ ნიადაგებს. იგი კარგად ვითარდება გაკულტურებულ ნაყოფიერ ნიადაგებზე. ქერის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე პH 5,5-დან 7,5-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ქერის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ქერის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით. ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე პH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი პH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით!
ნიადაგის ძირითადი დამუშავება. ნიადაგის დამუშავება წარმოებს წინამორბედის ხასიათისა და მდგომარეობის მიხედვით. წინამორბედი კულტურისგან განთავისუფლებული მინდორი უნდა აიჩეჩოს და მოიხნას. საგაზაფხულოს შემთხვევაში მზრალად. შემდეგ ჩატარდეს თესვისწინა კულტივაცია და დაიფარცხოს. თესვისწინა დაფარცხვასა და კულტივაციას შორის დიდი პერიოდის დაშვება არ არის რეკომენდირებული, რადგან შესაძლოა სარეველებმა მოასწროს ქერის ამოსვლას და დაჩაგროს. თესლის მომზადება დასათესად და თესვა. მაღალხარისხოვანი თესლით თესვა მაღალი მოსავლის მიღების უმნიშვნელოვანესი პირობაა. დასათესად და განსაკუთრებით ინტენსიური ტექნოლოგიის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სათესლე ნაკვეთებიდან მიღებული, გასავრცელებლად დაშვებული ჯიშის ქერის თესლი უნდა აკმაყოფილებდეს სერთიფიცირების დაწესებულ მოთხოვნებს თესლის სისუფთავესა და გაღივების უნარზე. ასეთი თესლიდან მიღებული მცენარეები უფრო ძლიერი და პროდუქტიულია, უფრო ღრმად და უკეთესად ივითარებს ბარტყობის ნასკვს და ფესვთა სისტემას. ქერის თესლის თესვისწინა დამუშავებას სოკოვანი დაავადებებისა (გუდაფშუტა, ჟანგა, ნაცარა) და ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საშემოდგომო ქერის თესვის ვადები ქართლსა და კახეთში ემთხვევა ხორბლის თესვის ვადებს. საგაზაფხულო ქერის თესვის ვადები კახეთში და ქართლში 25 მარტამდეა, სამხრეთ საქართველოში 10 მაისამდე. ქერი ითესება ხორბლის სათესი სპეციალური მანქანებით. ვიწრო 15 სმ-იან მწკრივებად. მიმართავენ ჯვარედინ დათესვასაც. ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიხედვით ერთ ჰა-ზე დაითესება 160-200 კგ. თესლი. ჩათესვის სიღრმე მსუბუქ ნიადაგებზე 7-8, ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე 4-5 სმ-ით განისაზღვრება. ქარიან ადგილებში ქერი ურფო ღრმად, 8-9 სმ-ზე დაითესება. მაღალეფექტურია ნათესების მოტკეპვნა. იგი ხელს შეუწყობს ნათესის თანაბარზომიერ განვითარებას. ნათესებს დაიცავს ქარისმიერი ეროზიისგან. დათესვა უნდა ემთხვეოდეს პერიოდს, როცა დღე-ღამური ტემპერატურა 12-15°С –ია.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება. ქერის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით. საორიენტაციოდ, 1 ჰა-ზე 5 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას: • აზოტი N – 186 კგ. (სუფთა ნივთიერება). • ფოსფორი P – 113 კგ.(სუფთა ნივთიერება). • კალიუმი K – 216 კგ. (სუფთა ნივთიერება). მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები: • აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით; • ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას. • კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას. მზრალად მოხვნის წინ თუ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელს შევიტანთ, მინერალური სასუქებიდან საჭირო იქნება: აზოტი 86კგ, ფოსფორი 63კგ, კალიუმი 96 კგ. (სუფთა ნივთიერებები).
კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე
მორწყვა. ქერი წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია თესლის გაღივების, ბარტყობის და ტანის აყრის ფაზებში. მისი მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ქერი საშუალოდ 2-ჯერ უნდა მოირწყას. მორწყვის ერთიანი, ანუ სეზონის განმავლობაში დასახარჯი წყლის საორიენტაციო რაოდენობა ერთ ჰა-ზე არის 1800-2100 კუბ./მ. მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით.
მოსავლის აღება-შენახვა. ქერის მოსავლის აღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში სრული სიმწიფის პერიოდში, 16-18% ტენიანობის დროს. ქერი ცვილისებური სიმწიფის პერიოდის შემდეგ ხუთ დღეში შედის სრულ სომწიფეში და მარცვალსა და მცენარეს შორის წყდება. ამ დროს ის გადადის ინტენსიურ სუნთქვაზე, რომლის დროსაც იხარჯება დიდი რაოდენობით ნახშირწყლები, რაც მოქმედებს მოსავლის ხარისხზე. აღება ხდება კომბაინით და მარცვალი ინახება მშრალ და ადვილად განიავებად საწყობში.
თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *
მოგესალმებით, ძირითადი ინფორმაცია სტატიაშია წარმოდგენილი. თუ დამატებით ...
ბამი ჩვენთვის უცხო კულტურაა. იქნებ მოგვაწოდოთ მის გამოყენებაზე ინფორმ ...
mujiri51@mail.ru გთხოვთ ამ ელ.ფოსტაზე გამომიგზავნოთ.წინასწარ მადლობა ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია მლ ან გრ 100 ლ/წყალში ...
ლ/ჰა და კგ/ჰა უმრავლესობისთვის დამაბნეველია ...
Copyright © 2013-2016 · ყველა უფლება დაცულია · საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა · ავტორი: http://websitedesign.ge