უდაბნოს მზე და ზღვის წყალი. მხოლოდ ეს არის ახალი, სუპერ-თანამედროვე სათბურისათვის საჭირო, იმისათვის რომ მან აწარმოოს 17 000 ტონამდე პომიდორი წელიწადში.
ამ ტიპის სასოფლოს-სამეურნეო დანიშნულების მქონე სისტემა პირველია მსოფლიოში. ის არ საჭიროებს ნიადაგს, პესტიციდებს, საწვავს ან მტკნარ წყალს. რადგან მოთხოვნა მტკნარ წყალსა და ენერგიის რესურსებზე იზრდება, ეს შესაძლოა აღმოჩნდეს უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგია სოფლის მეურნეობის სექტორისათვის.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ შესაძლებლობების მქონე სათბურის შესაქმნელად.
სათბურის პირველი საპილოტე ვერსია შეიქმნა 2010 წელს. შემდეგ, 2014 წელს დაიწყო კომერციული მიზნებისათვის სათბურის მშენებლობა და ამჟამად სათბური მზად არის.
სათბურის მუშაობის პრინციპები
საირიგაციო ქსელით სათბურს მიეწოდება ზღვის წყალი, რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე შესაბამისი საშრობი მოწყობილობით იფილტრება და იქმნება მტკნარი წყლის საკმარისი მარაგი იმისათვის რომ განხორციელდეს 180 000-მდე პომიდორის ჩითილის ირიგაცია.
უდაბნოსათვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურა გამორიცხავს რაიმე სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოებას. ამიტომ მაღალი ტემპერატურის განეიტრალების მიზნით სათბურში მოთავსებულია სპეციალური კარდონები. ისინი იჟღინთება სათბურში შემავალი ზღვის წყლით, რომელიც ორთქლდება. ეს ქმნის ტემპერატურის სასურველ მაჩვენებლებამდე დარეგულირების საშუალებას. გარდა ამისა, სათბურში ზღვის აორთქლებული წყალი ახდენს ატმოსფეროს სტერილიზაციას, კულტურების სუბსტრატად ნიადაგის ნაცვლად გამოიყენება ქოქოსის ქერქი. აორთქლებული ზღვის წყალი და ნიადაგის არარსებობა გამორიცხავს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკებს და შესაბამისად, არ არსებობს პესტიციდების/შხამქიმიკატების გამოყენების საჭიროება.
მზის ენერგიას სათბური იღებს 23 000 სარკისაგან შემდგარი სისტემით, რომელიც მზიან დღეებში უზრუნველყოფს 39 მეგავატამდე, რაც სრულიად საკმარისია როგორც მცენარეთა ვეგეტაციის, ასევე სათბურის ენერგიით უზრუნველყოფისათვის.
სათბურში წარმოებული პომიდორი უკვე იყიდება ავსტრალიის სუპერმარკეტებში.
თუმცა ზამთრის პირობებში მზის ენერგიის გამომუშავება მცირდება და შესაბამისად მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს სათბურის დიზაინის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამუშაოები.
მზის ენერგიასა და ზღვის წყალზე მომუშავე სათბურის ინფრასტრუქტურის ღირებულება 200 მილიონ დოლარამდე აღწევს, რაც ბევრად აღემატება ჩვეულებრივი სათბურის ღირებულებას. მაგრამ ფუნქციონირების გრძელვადიან პერსპექტივაში სათბურის ახალი მოდელი გაცილებით მომგებიანია ჩვეულებრივ სათბურებთან შედარებით, რადგან იგი არ საჭიროებს ეკონომიკურ დანახარჯებს ენერგიის წყაროებსა და პესტიციდებზე.