პროგრამის მიზნები:
- საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;
- როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
- მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.
პროგრამის ზოგადი პირობები:
- პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის* სარეაბილიტაციო სამუშაოების* თანადაფინანსება.
- დაფინანსდება პროგრამის ბენეფიციარის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60% -ის ოდენობით, ხოლო ჩაის პლანტაცი(ებ)ის იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70% -ის ოდენობით;
- დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 80% -ის ოდენობით, ხოლო ჩაის პლანტაცი(ებ)ის იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90% -ის ოდენობით;
- სააგენტო პოგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ჩაის პირველადი დამუშავების* მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს (დღგ -ს ჩათვლით). იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა -ზე აღემატება 2 500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა 1 ჰა -ზე განხორციელდება 2 500 ლარიდან გამომდინარე. - სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიებიდან ერთ-ერთი.
- პროგრამის ბენეფიციარის* საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა შეადგენდეს5 ჰა -ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა -ს;
- პროგრამის ბენეფიციარმა (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა/გაფართოება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი შენობა-ნაგებობის შექმნა/გაფართოება.
- სააგენტო განახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში და სხვა.
პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან);
- პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა;
- სადრენაჟე არხის მოწყობა (სადრენაჟე არხის მოწყობა შესაძლებელია პლანტაციის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლამდეც);
- რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება (ზედაპირული გაფხვიერება 15-20 სმ სიღრმეზე);
- პირველ წელს სასუქების და სასოფლო–სამეურნეო პრეპარატების (მათ შორის ბიო) შესყიდვა;
*ტერმინთა განმარტება
პროგრამა – ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“;
სააგენტო – ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო;
ქონების სააგენტო – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
მეწარმე სუბიექტი – პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის მქონე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), გარდა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებისა ან/და ამ უკანასკნელთა წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა;
პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ჩაის პლანტაცია – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია ჩაის ნარგაობა, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია – ჩაის პლანტაცია, რომლის იდენტიფიცირება ხორციელდება ამ პროგრამით დადგენილი წესით და რომლის ნუსხაც ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ქონების სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე;
სარეაბილიტაციო სამუშაოები – ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელსაც შეიმუშავებს ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან“ ერთად;
აგროტექნოლოგიური გეგმა – ჩაის პლანტაციაში სეზონურად/ყოველწლიურად ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამის აგროვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის სრულ მსხმოიარობამდე პერიოდს, მაგრამ არანაკლებ ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვისა;
ჩაის პირველადი გადამუშავება – საქმიანობა, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ოპერაციებით – ჩაის პლანტაციაში დაკრეფილი ჩაის ნედლი ფოთლის ღნობა ან ღნობა-ფიქსაცია, ჩაის ფოთლის გრეხა, შრობა;
საწარმოო გეგმა – ჩაის ნედლი ფოთლის პირველადი გადამუშავების შედეგად წარმოებული ჩაის წლიური მოცულობა;
თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი:
ა) ბენეფიციარის თანადაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი, თუ ბენეფიციარს საკუთრებაში აქვს პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია;
ბ) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში არ გააჩნია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია და გეგმავს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან იჯარით მიღებას – ქონების სააგენტოსთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი.
სრული ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://apma.ge/projects/read/project_scope/12:parent