კარტოფილის სოკოვანი დაავადებები

სოკოვანი დაავადებებიდან კარტოფილს ძირითადად აზიანებს კარტოფილის ფიტოფტორა, კარტოფილის კიბო, ფხვიერი ქეცი, მშრალი სიდამპლე, ალტერნარიოზი, კარტოფილის ფოთლების ყვითელი ანუ მკრთალი ლაქიანობა და რიზოქტონიოზი.

კარტოფილის ფიტოფტორა

გამომწვევი – Phytophthora infestans (Mont) De bary
კარტოფილის ფიტოფტორა ამ მცენარის ყველა სხვა დაავადებასთან შედარებით პირველ ადგილზეა თავისი მასშტაბურობით. გავრცელების დონით შემთხვევებში მას შესაძლოა შეედაროს მხოლოდ კარტოფილის ვირუსული დაავადებანი.
ფიტოფტორათი ავადდება კარტოფილის ყველა ორგანო, (ფოთლები, ღერო ტუბერები) გარდა ყვავილისა.
დაავადების სიმპტომები – დაავადება წვრილი მოყავისფრო ლაქების სახით ჯერ ფოთლებზე ვითარდება, ლაქები დასაწყისში გაფანტულია. თუ მშრალი ამინდებია, ლაქები ნელა იზრდება, თუ ნესტიანი – სწრაფად. ისინი დიდდებიან და ხშირად მთელ ფოთოლს ან ფოთოლაკს იკავებენ. დაავადების ძლიერი გავრცელების დროს მცენარე მთლიანად იფარება ასეთი ლაქებით და შავდება.
ღეროების დაავადებაც ფოთლების დაავადების ანალოგიურად მიმდინარეობს ჯერ სხვადასხვა ზომის ლაქები ჩნდება, მათი გამრავლების შედეგად ღერო ან მისი ცალკე ტოტი ხმება. განსაკუთრებით, როდესაც ლაქა შემორკალულია ღეროებზე, ასეთ შემთხვევებში ღეროები მთლიანად შავდება, მეტადრე წვიმიან და ნესტიან პირობებში, რაც საკმაოდ ხშირ მოვლენას წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის რეგიონში.
ტუბერების დაავადებაც საკმაოდ ხშირია. ისინი ავადდებიან ნიადაგში ჩაჟონილ წყალს ჩაყოლილი ზოოსპორებით ან ტუბერზე ფოთლებიდან მოხვედრილი საინფექციო საწყისით. შედეგად დაავადება იჭრება ტუბერის ქერქში და იწვევს მის ლპობას.
ახლად დაავადებულ ტუბერზე ლაქები ვითარდება. ქერქის ქვედა ქსოვილი თანდათან მურა ფერს იღებს, უსიამოვნო სუნი აქვს და ალპობს ტუბერებს, განსაკუთრებით საწყობებში.

ბრძოლის ღონისძიებები:
კარტოფილის მოსავლის აღებამდე 4-5 დღით ადრე მცენარის მიწისზედა ნაწილების მოცილება ნაკვეთიდან;
კარტოფილის წარმოებისას საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებების ხარისხიანი განხორციელება;
საწყობების დეზინფექცია და შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა;
შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

კარტოფილის ტუბერების მშრალი სიდამპლე

გამომწვევი – Fusarium solani
დაავადება ჩნდება ძირითადად შენახვის პერიოდში თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვეგეტაციის პერიოდშიც დაფიქსირდეს. მისი განვითარება ხდება 10-დან 30ºC-მდე ტეპმერატურისა და 50%-მდე ტენიანობის პირობებში. საწყობებში დაავადება ძლიერად ვითარდება 3-4 ºC-ზე მეტი ტემპერატურის პირობებში.
დაავადების გამომწვევი ინახება ნიადაგში, დაზიანებულ ტუბერებში და საწყობებში. ტუბერებში სოკოს შეღწევა ხდება მექანიკური ან ფიტოფტორის, ჩვეულებრივი ქეცის და სხვა დაავადებების მიერ მიყენებული დაზიანებებიდან.
დაავადებული ტუბერებიდან განვითარებული მცენარეები ჩამორჩებიან ზრდაში
დაავადების სიმპტომები – დაავადება ვლინდება მოსავლის აღებიდან 3-4 თვის შემდეგ, თუმცა ამ დროს შესაძლებელია რომ ტუბერები უკვე ფართობშივე ყოფილიყვნენ დაინფიცირებულნი. ტუბერებზე, დაზიანების ადგილებში ჩნდება მოპირისფრო მეჭეჭები/ფიფქი – სოკოს მიცელიუმი. დროთა განმავლობაში დაზიანების ქვეშ არსებული რბილობი ხდება ფხვიერი და იღებს მუქ შეფერილობას. რბილობში ყალიბდება ღრუები, სადაც შეიმჩნევა სოკოს მოწითალო-მურა ფერის მიცელიუმი. ტუბერი შრება და ხდება მისი მუმიფიცირება.

ბრძოლის ღონისძიებები:
შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა;
დაზიანებული ტუბერების დროული მოცილება და განადგურება;
სარგავი მასალის დეზინფექცია.

კარტოფილის კიბო

გამომწვევი – Synchithrium endobioticum Schilb
დაავადება იმდენად საშიშია რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. კიბოთი ავადდება კარტოფილის ყველა ორგანო, განსაკუთრებით ტუბერები. შედარებით იშვიათად მცენარის ზედა ნაწილზე გვხვდება.
დაავადების სიმპტომები – დაავადების გარეგნული სიმპტომები თითქმის ყოველთვის ერთგვაროვანია: დაავადებულ ორგანოზე დიდი, სხვადასხვა ზომის კორძისებური წარმონაქმნი ვითარდება, რომელიც დასაწყისში მცირე ზომისაა, დაახლოებით სიმინდის მარცვლის ოდენა, ხოლო შემდეგ, დროთა განმავლობაში იზრდება და იმ ზომამდე აღწევს რომ მკვებავ ტუბერზე უფრო დიდია. იგი ჯერ თეთრია და გარეგნულად ყვავილოვანი კომბოსტოს თავს ჰგავს, შემდეგ კი ფერს იცვლის და ბოლოს მთლიანად შავდება, რაც იმის მაჩვენებელია რომ ტუბერების ქსოვილების დაშლა დაიწყო. საბოლოოდ კორძი ლპება და ტუბერი მთლიანად ფუჭდება.
მცენარის მიწისზედა ნაწილებზე ასევე შესაძლებელია მსგავსი სახის კორძების განვითარება. ამ დროს დაავადებული ადგილის ზევით მოთავსებული მცენარის ნაწილები ხმება რაც დროთა განმავლობაში იწვევს მცენარის სრულ დაღუპვას.

ბრძოლის ღონისძიებები:
დაავადებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება;
კულტურათა მონაცვლეობა;
კარტოფილის ტუბერების დეზინფექცია;

კარტოფილის ფხვიერი ქეცი

გამომწვევი – Spongospora subterranea
ინფექციის წყაროს წარმოადგენს მცენარეული ნარჩენები და ტუბერები, სადაც ინახება დაავადების გამომწვევის სპორები, რომლებიც საკმაოდ გამძლეა გარემოს პირობების მიმართ და ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას 3-4 წლის განმავლობაში.
დაავადების გავრცელებისათვის ხელსაყრელ კლიმატურ პირობას წარმოადგენს მაღალი ტენიანობა და ტემპერატურა 15-20 ºC-ის ფარგლებში.
დაავადების სიმპტომები – დაავადება ძირითადად აზიანებს კარტოფილის ტუბერებს, შედარებით იშვიათად, ფესვებს და ღივებს. იგი უმთავრესად ზედაპირულია და არ ახასიათებს ღრმად გავრცელება ქსოვილში.
ახალგაზრდა ტუბერების ეპიდერმისის ქვეშ ჩნდება მცირე ზომის ბორცვები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდებიან და ხდება მათი ამობურცვა ტუბერის ზედაპირზე. შემდეგ ეპიდერმისი სკდება და შედეგად ჩნდება ჩაღრმავებული იარები, რომელთა ცენტრში მურა ფერის ფხვნილია.
ფესვების დაავადებისას მათზე ჩნდება წვრილი კორძები, რომელთა ცალი მხარე გაბრტყელებულია (ის მხარე, რომლითაც ფესვზეა მიმაგრებული). კორძები მოსავლის აღებამდე ლპებიან.

ბრძოლის ღონისძიებები:
სარგავი მასალის დეზინფექცია;
კულტურათა მონაცვლეობა (ქეცით დასენიანებულ ფართობზე კარტოფილის წარმოება არ არის რეკომენდებული 3-4 წლის განმავლობაში);
საღი სარგავი მასალის შერჩევა;
მოსავლის აღება უნდა ხდებოდეს მშრალ ამინდში.

კარტოფილის ალტერნარიოზი

გამომწვევი – Alternaria solani და Alternaria alternata.
დაავადების განვითარებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 22-24ºC ტემპერატურა, თუმცა მისი განვითარება შესაძლოა მოხდეს გაცილებით დაბალ ტემპერატურაზეც 10 ºC – ის ზევით.
დაავადების გამომწვევები იზამთრებენ მცენარეულ ნარჩენებში, კონიდიების, ან მიცელიუმის სახით.
მცენარეები, რომლებიც დასუსტებულნი არიან კარტოფილის წარმოებისათვის არახელსაყრელი კლიმატური ან ნიადაგური პირობების ზემოქმედების შედეგად უფრო ადვილად ავადდებიან ალტერნარიოზით. დაავადების განვითარების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი არის მშრალი და ცხელი ამინდები, ტენის უკმარისობა, აზოტის და კალიუმის ნაკლებობა ნიადაგში და ფოსფორშემცველი სასუქების გადაჭარბებული დოზა. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ასევე ვირუსებით, რიზოქტონიოზით და სხვა დაავადებებით დაზიანებული ტუბერების სარგავ მასალად გამოყენება.
დაავადების სიმპტომები – დაავადება ჩნდება ბუტონიზაციის პერიოდში და ვითარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. სოკო ძირითადად აზიანებს ფოთლებს, ხანდახან ღეროებს და იშვიათად – ტუბერებს.
თავდაპირველად ქვედა იარუსის ფოთლებზე ჩნდება მშრალი ყავისფერი ლაქები, რომელთაც ზედა მხრიდან კონცენტრული ზოლიანობა ემჩნევათ. დროთა განმავლობაში ლაქები ზომაში იზრდებიან და ჩნდებიან ზედა იარუსის ფოთლებზეც. დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების დადგომის შემთხვევაში ასეთივე ლაქები ჩნდება ღეროსა და ყლორტებზე. შედეგად, შესაძლოა მცენარის მიწისზედა ნაწილი გახმეს.
ტუბერების დაზიანება როგორც წესი ხდება მოსავლის აღების პერიოდში, ნიადაგის ზედაპირზე, ან ღეროსა და ფოთლებზე არსებულ სპორებთან კონტაქტის შედეგად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტუბერებს აღენიშნებათ მექანიკური დაზიანებები. დაზიანებული ტუბერის ზედაპირზე ჩნდება ყავისფერი ან შავი, ოდნავ ჩაზნექილი, არასწორი ფორმის და მკვეთრად გამოხატული საზღვრების მქონე ლაქები. დაავადებული ტუბერები საწყობში მასობრივად ლპებიან.

ბრძოლის ღონისძიებები:
კარტოფილის მოსავლის აღებამდე 4-5 დღით ადრე მცენარის მიწისზედა ნაწილების მოცილება ნაკვეთიდან;
კარტოფილის წარმოებისას საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებების ხარისხიანი განხორციელება;
საწყობების დეზინფექცია და შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა;
შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

კარტოფილის ფოთლების ყვითელი, ანუ მკრთალი ლაქიანობა

გამომწვევი – Cercospora concors
დაავადების გამომწვევი იზამთრებს მცენარეულ ნარჩენებში.
დაავადების სიმპტომები – ფოთლის ფირფიტაზე ჩნდება არამკვეთრი, მკრთალი, მოყვითალო ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქები ზომაში იზრდება და 2-3 სმ-მდე აღწევს. დაავადებული ქსოვილი თავდაპირველად მკვეთრად არ გამოირჩევა საღი ქსოვილისგან. დროთა განმავლობაში დაზიანებული ქსოვილი განიცდის კვდომას და განსხვავებაც უფრო თვალსაჩინო ხდება. საბოლოოდ ლაქები იფარება იისფერი თხელი ფიფქით და ხმება.

ბრძოლის ღონისძიებები:
კარტოფილის მოსავლის აღებამდე 4-5 დღით ადრე მცენარის მიწისზედა ნაწილების მოცილება ნაკვეთიდან;
კარტოფილის წარმოებისას საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებების ხარისხიანი განხორციელება;
საწყობების დეზინფექცია და შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა;
შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

კარტოფილის შავი ქეცი, ანუ რიზოქტონიოზი

გამომწვევი – Rhizoctonia solani
აღნიშნული დაავადება გაცილებით სახიფათოა წვიმებიანი გაზაფხულის შემთხვევაში. მის განვითარებას ასევე ხელს უწყობს კარტოფილის წარმოების არასწორი აგროტექნიკა (როდესაც ტუბერები საჭიროზე უფრო ღრმადაა დარგული) და ქვიშნარი და ოდნავ მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგები. დააბადების განვითარებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს 12-15ºC.
სოკოს შეუძლია გამოიზამთროს სკლეროციების სახით ტუბერებზე ან მიცელიუმის ან სკლეროციების სახით ნიადაგში, სადაც ის ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 3-4 წლის განმავლობაში. კარტოფილის გარდა აღნიშნული სოკო აზიანებს სხვა ბოსტნეულ კულტურებს (პომიდორს, გოგროვნებს, ჭარხალს) და სარეველებს (ღიჭას, შვიტას, თათაბოს და სხვ.).
დაავადების სიმპტომები – დაავადება გვხვდება ტუბერებსა და აღმონაცენებზე. ტუბერებზე ჩნდება შავი ფერის ხავერდისფერი ლაქები. უკვე განვითარებული ტუბერისათვის ასეთი ლაქები რაიმე სახის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ სერიოზულად აზიანებს ახალგაზრდა ტუბერებს და აღმონაცენს.
ახალგაზრდა ტუბერების დაავადებისას გამომწვევის მოქმედების შედეგად ტუბერში არ ხდება სახამებლის სათანადო რაოდენობით დაგროვება, რის შედეგადაც ტუბერი გამჭირვალე და წყალწყალაა, საბოლოოდ კი შრება და რჩება მხოლოდ ქერქი. ასეთივე სიმპტომები აღენიშნებათ გვიან განვითარებულ ტუბერებსაც.
დააავდება შესაძლოა გადავიდეს ღეროებზეც. ამ დროს ღეროს შემოეკვრება მონაცრისფრო-ქეჩისებრი მიცელიუმი. როდესაც მიწისზედა ნაწილი დაავადდება, ღეროები ცუდად ვითარდება, სუსტდება, შავდება და შემდეგ მთლიანად ხმება. თუ ღერო არ ხმება, ზრდაში ჩამორჩება, ზედა ფოთლები შუა ძარღვის გასწვრივ იხევა და შედეგად ფერხდება ტუბერების განვითარება
ახალგაზრდა ღივზე ჩნდება შავი ლაქა, რომელიც თანდათან იზრდება და შემორკალავს ღივს. შედეგად ღივი ტყდება და გადატეხის ადგილის ქვევით ღივი იძლევა ახალ ყლორტებს, რომლებიც ასევე ავადდებიან და იმტვრევიან. სუსტად დაავადებული ღივი შესაძლოა აღმოცენდეს მაგრამ ბოლოს მაინც იღუპება. ასეთ ღივებზე ჩნდება მიწისზედა ტუბერები.

ბრძოლის ღონისძიებები:
სარგავი მასალის იაროვიზაცია;
საღი სარგავი მასალის გამოყენება;
მოსავლის აღების ოპტიმალური ვადების დაცვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>